საქართველოს ისტორიული ძეგლები
Tuesday, May 31, 2011
Tuesday, May 3, 2011
Monday, April 4, 2011
საქართველო - ჩვენი საგანძურია
საქართველოს მიწა-წყალზე მგონი არ მოიძებნება არც ერთი კუთხე, არც ერთი ხეობა და სოფელი, რომ წარსულის რაიმე ნაშთი არ იყოს დარჩენილი - ან ძველი ეკლესია და სამრეკლო, ან ციხის ნანგრევი, ან სადარაჯო კოშკი, ან ნასახლარი. ჩვენი ქვეყნის მძიმე ისტორიული ხვედრის მოწმეებია ნასოფლარები და ნაქალაქარები, რომლებიც უმეტესად სამხრეთის რაიონებშია, იმ კუთხეებში, რომელთაც პირველად უხდებოდათ მტრის შეხვედრა და გამკლავება.
საქართველოს უნიკალური წარსულიდან გამომდინარი მოგვეპოვება ძალიან ბევრი ნივთი თუ მტკიცებულება. მაგ: მრავალი ხელნაწერი წიგნი, ტაძრის კედლების ფრესკები და მოზაიკები, ისტორიულ პირთა პორტრეტები. არქეოლოგიური მასალები, რომლის წყალობითაც პირველყოფილ ადამიანთა ნაკვალევი აღმოაჩინეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს ყველაფერი და კიდევ მრავალი მტკიცებულება მოწმობს, რომ მრავალი ათეული საუკუნის მანძილზე ჩვენი ხალხის შემოქმედება უწყვეტი და უშრეტი იყო.
საქართველოსთვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მის გეოგრაფიულ მდებარეობას დიდი სავაჭრო გზების გზაჯვარედინზე, ევროპისა და აზიის მიჯნაზე, დასავლეთისა და აღმოსავლეთის უმნიშვნელოვანეს ცენტრთა შორის. მოხერხებულმა მდებარეობამ ბევრი გაჭირვება და უბედურება მოუტანა - მას გამუდმებით უხდებოდა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა. მიუხედავად ამისა, საქართველომ შეძლო კულტურული ურთიერთობა დაემყარებინა ხვადასხვა ქვეყნებთან და ერებთან. იგი მოქცეული იყო წინა აზიისა და ხმელთაშუაღვისპირეთის სახელმწიფოთა და ხალხთა წრეში. ე.ი. ცივილიზებული სამყაროს შუაგულში. მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა აქემენელთა, სასანიანთა ირანთან, ელინისტურ აღმოსავლეთსა და რომთან. ქართული სახელმწიფო იბერია ერთი პირველთაგანი იყო მათ შორის, ვინც ქრისტიანობა ოფიციალურ სარწმუნოებად აღიარა. ამ გარემოებამ განსაზღვრა საქართველოს ორიენტაცია, მისი კავშირი ბიზანტიასა და სხვა ქრისტიანულ ქვეყნებთან. ამავე დროს VII საუკუნეში, საქართველოს მოუხდა ისლამურ სამყაროსთან შეჯახება: ჯერ არაბთა შემოსევების მსხვერპლი გახდა, რამდენიმე საუკუნის მანძილზე მათი განდევნისათვის იბრძოდა, ებრძოდა სელჩუკებსაც, ურთიერთობა ჰქონდა გამაჰმადიანებულ ირანთან, არა მარტო როგორც მტერთან, არამედ როგორც გარკვეული კულტურული ტრადიციების ქვეყანასთან.
სხვა ერებთან, მათ კულტურასთან ურთიერთობის პროცესში ქართული კულტურა ბევრ რასმე ითვისებდა, მაგრამ თვითონაც შეჰქონდა წვლილი საერთო განვითარებაში. საუკუნეთა მანძილზე მან მკაფიოდ გამოსახული ეროვნული თავისებურება შეიმუშავა და ეს თავისებურება არც არასოდეს არ დაუკარგავს.
ქართული არქიტექტურის ძეგლები მარტო სპეციალისტებისათვის არ არის საინტერესო. მათი მხატვრული ღირსებები, მათი მდებარეობა და ორგანული შერწყმა გარემო ბუნებასთან, მათი სიძველე, ამ "სიძველეთა სურნელება" არ შეიძლება არ იზიდავდეს ყოველ ადამიანს, ვისაც კი სილამაზე უყვარს, ვისაც უყვარს და აღელვებს თავისი ქვეყნისა და ერის წარსული და გული შესტკივა მისი მომავლისათვის.
გამოყენებული ლიტერატურა:
ავტორი: ვახტანგ ბერიძე
წიგნის სახელწოდება: ძველი ქართული ხუროთმოძღვრება
სურათები: www.google.ge
ავტორი: ვახტანგ ბერიძე
წიგნის სახელწოდება: ძველი ქართული ხუროთმოძღვრება
სურათები: www.google.ge
Subscribe to:
Posts (Atom)